Friday, 30 September 2022

პერსონალურ მონაცემთა დამუშავება სოციალურ ქსელებში

ავტორი: მარიამ ჯიქიძე

მასალა თავდაპირველად გამოქვეყნდა ინტერნეტ საზოგადოების მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში მომზადებულ ესეების კრებულში.

შესავალი

მეცნიერთა მიერ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება მრავალ დისციპლინაში განიხილება. კომფორტის სურვილმა და ტექნოლოგიური მიღწევების განვითარებამ წამოჭრა ერთ-ერთი ისეთი მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც თანამედროვე კომუნიკაციის განუყრელი ნაწილია, კერძოდ, სოციალური ქსელების ყოველდღიური ცხოვრების რუტინაში ჩართვა. დღევანდელი მონაცემებით, მსოფლიოში სოციალური მედიის 4,65 მილიარდი მომხმარებელია, რაც უდრის მთლიანი გლობალური მოსახლეობის 58,7 პროცენტს.[1]  თავის მხრივ, მათზე წვდომა გარკვეულ საფასურს მოითხოვს, რომელიც ინდივიდის პერსონალური მონაცემების გადაცემაში გამოიხატება. თუმცა, მონაცემთა დამუშავება მსხვილი საერთაშორისო კომპანიების მხოლოდ ერთჯერადი აქტის, ანუ მომხმარებლის მიერ გადაცემის შედეგად, არ ხდება. მონაცემთა დამუშავება მოიცავს ისეთ ოპერაციებს, როგორებიცაა შეგროვება, გამოყენება, შენახვა, მესამე პირებისთვის გადაცემა, წაშლა და სხვა. დაკვირვებიხართ რა პერიოდს ატარებთ სოციალურ ქსელებში? წაგიკითხავთ მოთხოვნილი უსაფრთხოების წესები, რაზეც დათანხმდით? თითოეული ეკრანზე გადასმული თითი, მოწონება, გაზიარება, დაპოსტვა და ა.შ. აქტივობა ინახება სერვერების სახით, რომელიც იძლევა პიროვნების პორტრეტის შექმნის საშუალებას, რასაც ე.წ. ციფრულ დნმ-ად მოიხსენიებენ. სწორედ აქ იჩენს თავს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობისა და უსაფრთხოების საკითხი, ვინაიდან ინდივიდის შესახებ მოიპოვება განუსაზღვრელი რაოდენობის ინფორმაცია, რომლის დაცვაც განსაკუთრებით ეჭვქვეშ დგება მაშინ, როდესაც ყოველ 39 წამში ერთხელ ხორციელდება თითო კიბერთავდასხმა[2], რომელიც საერთაშორისო კომპანიების მიერ პეტაბაიტობით დაგროვილ ინფორმაციის გავრცელებაზე კონტროლის დაკარგვას ნიშნავს.

პერსონალური მონაცემები

პერსონალური მონაცემები წარმოადგენს ინფორმაციას, რომელიც უკავშირდება იდენტიფიცირებულ ან იდენტიფიცირებად ფიზიკურ პირს[3], უფრო ზუსტად, ინფორმაცია პირის შესახებ, რომლის ვინაობა ცნობილია ან შეიძლება დადგინდეს დამატებითი ინფორმაციის მოძიების შედეგად. პირი იდენტიფიცირებადია, როდესაც შესაძლებელია დამატებითი ინფორმაციის მოპოვება მნიშვნელოვანი ძალისხმევის გარეშე, რომელიც იძლევა მონაცემთა სუბიექტის იდენტიფიცირების საშუალებას. პერსონალურ მონაცემებს წარმოადგენს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, ანაბეჭდი, ბანკიდან ამონაწერი, შემოსავლები, სამუშაო ადგილი, ტელეფონის ნომერი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, პირადი მიმოწერა, ინფორმაცია სასესხო ვალდებულებების შესახებ, ოჯახური მდგომარეობა, ადგილსამყოფელი, ნასამართლობა და სხვ.[4] 

გარდა ზემოხსენებულისა, პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობა გამოყოფს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, რომელთა დამუშავებაც საჭიროებს გაძლიერებულ დაცვას თავისი ბუნებიდან გამომდინარე. ამ კატეგორიას მიეკუთვნება ინფორმაცია, რომელიც დაკავშირებულია პირის რასობრივ ან ეთნიკურ კუთვნილებასთან, პოლიტიკურ შეხედულებებთან, რელიგიურ ან ფილოსოფიურ მრწამსთან, პროფესიული კავშირის წევრობასთან, ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან, ნასამართლობასთან, ადმინისტრაციულ პატიმრობასთან, აღკვეთის ღონისძიების შეფარდებასთან, საპროცესო შეთანხმების დადებასთან, განრიდებასთან, დანაშაულის მსხვერპლად აღიარებასთან ან დაზარალებულად ცნობასთან. განსაკუთრებულ კატეგორიაში შედის, ასევე, ბიომეტრიული და გენეტიკური მონაცემები, რომლებიც ზემოაღნიშნული ნიშნებით ფიზიკური პირის იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა.[5]

სოციალური ქსელები და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა

დღესდღეობით ტერმინები სოციალური მედია და სოციალური ქსელი ურთიერთშემცვლელია, თუმცა მათ შორის არსებობს მკაფიო განსხვავებები. სოციალური მედია არის ინფორმაციის გადაცემის ნებისმიერი პლატფორმა, მაგალითისთვის: Snapchat, Pinterest, Youtube, Instagram, ხოლო სოციალური ქსელი ერთმანეთთან ონლაინ კომუნიკაციის ორმხრივი საშუალებაა, კერძოდ, Facebook, Twitter, Linkedin და ა.შ. სოციალური მედია ბევრად ფართო ტერმინია, ვინაიდან მოიცავს სხვადასხვა ტიპის მედიას, როგორებიცაა ვიდეოები, ბლოგები, სტატიები და სხვა. მათი გამიჯვნა მნიშვნელოვანია, რათა გამოჩნდეს აქტუალურობა ქსელებისა, რაც გამოიწვია მის ყველაზე მარტივ, უფასო და ხელმისაწვდომ საშუალებად დამკვიდრებამ თანამედროვე კომუნიკაციისთვის. გამოდის, რომ გარკვეულწილად სოციალური ქსელი განიხილება სოციალური მედიის ქვეკატეგორიად.[6]

ინფორმაცია, რომელსაც ითხოვენ სოციალური ქსელები, მეტად ფართო წრეს მოიცავს პირის პირადი ცხოვრების შესახებ. ქსელში რეგისტრაციისას საჭიროა მსურველმა მიუთითოს ისეთი სახის ინფორმაცია, რომელიც მისი იდენტიფიცირების საშუალებას იძლევა, კერძოდ, სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, ელექტრონული ფოსტის მისამართი, გადაადგილების მარშრუტი[7] და სხვა მრავალი. ნებისმიერ ქსელს აქვს შემუშავებული მონაცემთა პოლიტიკა (Data Policy), რომელიც ატვირთულია მათ ვებგვერდზე და მომხმარებელს შეუძლია იხილოს, თუმცა გარკვეულ ნაწილებში ვხვდებით ბუნდოვანებას. მაგალითისთვის, განვიხილოთ Facebook, რომელშიც არ არის მოცემული ზუსტი ჩამონათვალი იმ პარტნიორებისა და მესამე პირებისა, რომლებსაც მიეწოდებათ ან შეიძლება მიეწოდოთ მომხმარებლის პერსონალური ინფორმაცია[8], რაც პირის პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის განუსაზღვრელ ფარგლებში გაცემის შესაძლებლობას იძლევა.

კითხვას, თუ რას ემსახურება პერსონალური ინფორმაციის შეყვანა სოციალურ ქსელებში, მეტად პრაგმატული პასუხი მიესადაგება. კერძოდ, აღნიშნული პოლიტიკა ხელს უწყობს სტატისტიკური მონაცემების შეგროვებასა და ანალიზს, საინტერესო რეკლამების შეთავაზებას, რაც პლატფორმას მეტად დახვეწილსა და ეფექტურს ხდის, ვინაიდან მორგებულია მომხმარებლის ინტერესებზე. თუმცა, დადებით მხარეს თან ახლავს მონაცემების ბოროტად გამოყენების საშიშროებაც, ვინაიდან, მარტივად არის შესაძლებელი ადამიანის ფსიქოტიპის შექმნა. კერძოდ, 2015 წლის ერთ-ერთი გახმაურებული ფაქტის მიხედვით, ანალიტიკური ფირმის (Cambridge Analytica) მიერ Facebook-ის 87 მილიონზე მეტი მომხმარებლისგან შეგროვილი მონაცემების საფუძველზე მოხდა მოახლოებულ არჩევნებში მათი ხმის პროგნოზირება, შემდგომ კი არჩევნების წინ რეკლამირებით პოლიტიკური პროპაგანდის გავრცელება, რამაც განაპირობა ხალხის ნების ფორმირება.[9]  გარდა ამისა, მიმდინარეობს ელექტრონული ვაჭრობა, მაგალითად, BBC News-ის განცხადებით, 2018 წელს Facebook იქნა გამოვლენილი მონაცემების გაყიდვაში ისეთი გიგანტ კომპანიებთან, როგორებიცაა Spotify, Netflix და Amazon, [10] რაც არღვევს კონფიდენციალურობის პოლიტიკას, ვინაიდან აღნიშნული ფაქტი არ იყო შეთანხმებული მომხმარებლებთან. შესაბამისად, მოგებაზე ორიენტირებული კომპანიისთვის პირის შესახებ თითოეული მონაცემი ღირებულია. გარდა რეგისტრაციისას შენახული ინფორმაციისა, მობილური ტელეფონით ქსელებით სარგებლობისას საჭიროა ისეთ აპლიკაციებზე წვდომის მიცემაც, როგორებიცაა კამერა, სატელეფონო კონტაქტები, ადგილმდებარეობა, მიკროფონი და ტელეფონის მეხსიერება, რაც მოიცავს ყველა სხვა აპლიკაციასაც. ამასთან, სოციალური ქსელების აპლიკაციები ამუშავებენ და ინახავენ ყველა სახის ინფორმაციას, თუ ვისთან აქვს მომხმარებელს კონტაქტი, ასევე, რომელ პროდუქტებსა თუ ვებ-გვერდებს სტუმრობს ყველაზე ხშირად სუბიექტი, ყველა ტრანზაქცია, რომელიც განხორციელდა იმ ბარათით, რომელიც მიბმულია მობილურ ტელეფონზე არსებულ აპლიკაციებზე. მოკლედ, მომხმარებლის ყველა ნაბიჯი მარტივად შესასწავლია, რის შედეგადაც იქმნება პერსონალური მონაცემების საერთო ბაზა, ე.წ. „დიდი მონაცემები“ (Big Data).

მონაცემთა საერთო ბაზა მარტივად იქმნება ტელეფონებზე, პლანშეტებსა და კომპიუტერებზე WIFI, 3G და 4G ქსელების მიერ ინტერნეტზე წვდომის შედეგად. ზოგადად „დიდი მონაცემები“ გროვდება და ინახება მრავალი მიზნისთვის, მათ შორის სამედიცინო ინოვაციებისთვისაც[11], მაგრამ მონეტას აქვს მეორე მხარეც. დიდი მონაცემების შეგროვება მარტივად აყალიბებს ინდივიდის ციფრულ დნმ-ს, შედეგად ირკვევა თუ ვინ ხარ, რა ჩვევები გაქვს და რისი ყიდვა ან კეთება მოგწონს ონლაინ და სხვ. თუმცა, საშიშროება მდგომარეობს მის მოცულობაში.  განსაკუთრებით სახიფათოა მეტამონაცემები (მონაცემები, რომლებიც აღწერს სხვა მონაცემებს), როგორებიცაა ატვირთული ფოტოს დრო, თარიღი და გეოლოკაცია, ან დაკვირვების შედეგად მოპოვებული მონაცემები პიროვნების პრეფერენციების ან ქცევის შესახებ[12], ვინაიდან, მაგალითისთვის, მდებარეობაზე დაფუძნებული სერვისების გამოყენების დროს ქსელები იღებენ ინფორმაციას მომხმარებლების რეალურ დროში მდებარეობის შესახებ, ჰაკერული თავდასხმის შემთხვევაში კი შესაბამისი პირის ყველა მოძრაობა შეიძლება გატეხილი იყოს, რასაც შეიძლება მოჰყვეს დამნაშავეების მხრიდან ქსელების მომხმარებლებზე მუქარა, შანტაჟი და დარბევა.[13] 

მონაცემთა ეს მასობრივი მოცულობა ყოველ მეორე წელს ორმაგდება[14]. ავსტრიელ სტუდენტს, მაქს შრემსსა და მის ჯგუფს, „ევროპა ფეისბუქის წინააღმდეგ“, სურდათ, მეტი სცოდნოდათ იმ მონაცემების შესახებ, რომლებსაც Facebook ინახავს მათ შესახებ, რის გამოც, მათ მოითხოვეს მონაცემები Facebook-დან და მიიღეს 2000 გვერდიანი CD მონაცემთა ბაზის ნაგავსაყრელი. ერთ-ერთი საინტერესო ფაქტი, რომელიც მაქს შრემსმა აღმოაჩინა, არის ის, რომ Facebook ყოველთვის არ შლის მონაცემებს, როდესაც მომხმარებელი აჭერს წაშლის ღილაკს Facebook პლატფორმაზე. მაგალითად, როდესაც ფეისბუქის მომხმარებელი წაშლის შემოსულ შეტყობინებას, შეტყობინება გადადის საქაღალდეში - „წაშლილი შეტყობინებები“. როდესაც მომხმარებელი წაშლის შეტყობინებას „წაშლილი" საქაღალდიდან, შეტყობინება ქრება მომხმარებლის ინტერფეისიდან და შეიძლება ვივარაუდოთ, რომ შეტყობინება წაშლილია Facebook სერვერებიდან, თუმცა, როგორც აღმოჩნდა, ყოველთვის ასე არ ხდება[15]. შესაბამისად, ისმის კიდევ დამატებითი კითხვები, თუ როგორ და რა დროის განმავლობაში ინახება მომხმარებლის მონაცემები.

სოციალური ქსელების მონაცემთა დამმუშავებლების მიერ „დიდი მონაცემების“ შენახვისთვის გამოიყენება ე.წ. განაწილებული ფაილური სისტემა (Hadoop), რომელიც გულისხმობს მონაცემთა მასობრივი რაოდენობის სხვადასხვა ტექნიკაში შენახვას[16], რათა ერთის დაზიანების შედეგად მონაცემები სრულად არ დაიკარგოს. შესაბამისად, Hadoop საშუალებას იძლევა რამდენიმე კომპიუტერის კლასტერირებისა, რათა უფრო სწრაფად მოხდეს მასობრივი მონაცემების გაანალიზება. Twitter მართავს რამდენიმე დიდ Hadoop კლასტერს, რომლებიც ერთ-ერთი ყველაზე დიდია მსოფლიოში[17]. რაც შეეხება Facebook-ს, ვინაიდან აღნიშნულ პლატფორმის აქტიურ მომხმარებელთა რაოდენობა ყოველთვიურად დაახლოებით 2,936 მილიარდია,[18] იგი იყენებს ტექტონიკურ განაწილებულ ფაილურ[19] სისტემას, რომელიც ეგზაბაიტების მოცულობის მონაცემების შენახვის უნარების მქონეა. მოცულობის წარმოსადგენად კი უნდა აღინიშნოს, რომ ერთი ეგზაბაიტი ერთი მილიარდი გიგაბაიტის ექვივალენტია. შესაბამისად, თანამედროვე სოციალური ქსელების მიერ პერსონალურ მონაცემთა დიდი რაოდენობით შენახვა ნამდვილად არ წარმოადგენს სირთულეს.

რაც შეეხება მონაცემთა შენახვის პერიოდს, მონაცემები ინახება მანამ, სანამ მომხმარებელი სარგებლობს კონკრეტული სოციალური ქსელით. რაც შეეხება დეაქტივაციასა და სრულიად წაშლას, ჩვენთვის ცნობილი ინფორმაციით, დეაქტივაციის პერიოდში 30 დღის განმავლობაში ინახება მონაცემები არქივში, ხოლო პროფილის წაშლის შედეგად მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში[20] უნდა იქნას წაშლილი. თუმცა, საწინააღმდეგოს ვარაუდის დაშვების საფუძველს იძლევა საზოგადოებაში გაჟონილი ინფორმაცია, რაც სოციალური ქსელების მიმართ უნდობლობას აღვივებს.

ვინაიდან ნათელი მოეფინა იმას, თუ რა რაოდენობის პერსონალური მონაცემები გროვდება სოციალური ქსელების მიერ, აქვე, კიდევ უნდა გაესვას ხაზი იმ რისკს, რომელიც გამომდინარეობს მონაცემების დამმუშავებლების მიერ მათზე კონტროლის დაკარგვით, რაც გამოწვეულია კიბერთავდასხმების შედეგად. ამ უკანასკნელს კი არა ერთხელ ჰქონია ადგილი Twitter-სა და Facebook-ის პლატფორმებზე. კერძოდ, ერთ-ერთი მასშტაბური შემთხვევა 2021 წელს განხორციელდა, რამაც 533 მილიონზე მეტი მომხმარებლის პერსონალური მონაცემის გასაჯაროება[21]  გამოიწვია.

ტექნოლოგიური გამოწვევების გამო, იმისათვის, რომ მეტად დაცული იქნას სოციალურ ქსელთა მომხმარებლის უფლებები, შეიქმნა ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაცია (GDPR), რომელსაც პერსონალურ მონაცემთა დაცვა სრულიად ახალ საფეხურზე გადაჰყავს.[22] რეგულაციის მიხედვით, შემგროვებელს მხოლოდ იმ შემთხვევაში ეძლევა აღნიშნული უფლება, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა ან კანონით აშკარად არსებული უფლება. საკმაოდ მკაცრადაა განსაზღვრული თანხმობის მიღების წესები: სუბიექტმა ის თავისუფლად, ინფორმირებულად და ერთაზროვნად უნდა განაცხადოს. თუმცა, აქაც იჩენს თავს ხარვეზი, ვინაიდან არის შემთხვევები, როდესაც მომხმარებელი საჭიროა, განმარტებებისა და ალტერნატიული შესაძლებლობის გარეშე, დასთანხმდეს სხვადასხვა სახის მონაცემის დამუშავებას, რათა შეძლოს სოციალურ ქსელში რეგისტრაცია[23], რაც, ვფიქრობ, ნამდვილად არ წარმოადგენს სასურველი ნების გამოვლენას. რეგულაციის მიხედვით, მნიშვნელოვანია თითოეულ მომხმარებელს ეცნობოს, თუ რა სახის ინფორმაციის დამუშავების უფლება აქვთ სოციალურ ქსელებს და ფარგლების გაცდენის შემთხვევაში რა ზომების მიღება არის შესაძლებელი. აღნიშნული რეგულაცია ვრცელდება ევროკავშირში რეგისტრირებულ ნებისმიერ ორგანიზაციაზე, რომელიც თავისი საქმიანობის ფარგლებში ამუშავებს პერსონალურ მონაცემებს, ასევე იმ ორგანიზაციებზეც, რომლებიც არ არიან რეგისტრირებული ევროკავშირში, თუმცა ამუშავებენ ევროკავშირში მყოფი პირების მონაცემებს. გარდა ამისა, დამუშავებისას მნიშვნელოვანია, გათვალისწინებულ იქნას ის ძირითადი პრინციპები, რომლებიც უზრუნველყოფს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას. მათ კატეგორიას განეკუთვნება მონაცემთა კანონიერად და სამართლიანად დამუშავება, დამუშავების შესახებ ინფორმაციის მარტივად ხელმისაწვდომობა პირისთვის, შეგროვება მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის, დამუშავება მხოლოდ იმ მოცულობით, რომელიც აუცილებელია კონკრეტული კანონიერი მიზნის მისაღწევად, მონაცემების უსაფრთხოება და დაცვა უნებართვო ან უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვის, განადგურებისა და დაზიანებისგან.[24] თუმცა, ზემოხსენებული მსჯელობის მიხედვით, პირადი მონაცემების დამუშავების სოციალურ ქსელებში დამკვიდრებული პრაქტიკა უფრო დაბალ სტანდარტს ადგენს, რაც ზრდის მომხმარებელთა პირად ცხოვრებაში არამართლზომიერად ჩარევის რისკებს.

დასკვნა

დღითიდღე იმატებს სოციალურ ქსელებში რეგისტრაციის მსურველთა რიცხვი და 2027 წლისთვის 6 მილიარდამდე ზრდაა მოსალოდნელი[25], შესაბამისად, საგულისხმოა თითოეულმა მსურველმა და მომხმარებელმა იცოდეს, თუ რა შიდა პროცესები მიმდინარეობს პროფილის შექმნით, მეგობრებთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებით თუ სხვა შესაძლო ინტერაქციის შედეგად დაგროვილ მონაცემებთან მიმართებით. ამიერიდან, უფრო მეტი ყურადღებით გაეცანით სოციალური ქსელების მიერ შემოთავაზებულ პირობებს და დააკვირდით ნებართვებს, რომლებსაც გასცემთ, რათა მეტად დაცული იყოს თქვენი პირადი ცხოვრება. თუ შეამჩნევთ პერსონალური მონაცემების დამუშავების GDPR-ის მიერ გაწერილ პრინციპებთან შეუთავსებლობას ან გაინტერესებთ, თუ რა სახის ინფორმაცია არის შენახული თქვენ შესახებ, თქვენ შეგიძლიათ მიმართოთ უშუალოდ სოციალურ ქსელებსაც კი, რაც მოიმოქმედა მაქს შრემსმა.


 



[1] DATA REPORTAL, GLOBAL SOCIAL MEDIA STATISTICS, 2022, იხ.  https://bit.ly/3MyxMIJ   [09.07.2022]

[2]   University of North Georgia, Cybersecurity: A Global Priority and Career Opportunity, იხ.

 https://bit.ly/3MuFeVl

[3] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ ქვეპუნქტი, N-5669, 2011, იხ.  https://bit.ly/3uCFQRI

[4] სილაგაძე ს., პერსონალური მონაცემები და მისი დამუშავების სამართლებრივი საფუძვლები, თბილისი, 2020, იხ. https://bit.ly/3z2dZgJ [09.07.2022]

[5] „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი, N-5669, 2011, იხ.  https://bit.ly/3yTI69S

[6] Haley, Social Networking vs Social Media: What are The Differences & Similarities, იხ.

 https://bit.ly/3RoFKXG [09.07.2022]

[7] ნადირაძე ა., პერსონალური მონაცემების დაცვა ინტერნეტისა და ტექნოლოგიების ეპოქაში, გორი, 2019, 13, იხ. https://bit.ly/3wrH2Ja

[8] Facebook Privacy Policy, იხ. https://bit.ly/3uxoOV1 [09.07.2022]

[9] BBC News, Facebook data: How it was used by Cambridge Analytica, 2018. იხ. https://bbc.in/3IoylUp  [09.07.2022]

[10]  Manfredsson A., We Traded Our Privacy for Comfortability, Sweden, 2020, 11, იხ. https://bit.ly/3yTIMfq

[11] Manfredsson A., We Traded Our Privacy for Comfortability, Sweden, 2020, 13, იხ. https://bit.ly/3yTIMfq

[12] პეტრიაშვილი ლ., სურგულაძე გ., მონაცემთა მენეჯმენტის თანამედროვე ტექნოლოგიები,  თბილისი, 2017, 90. იხ. https://bit.ly/3nRoyN4

[13] Varma N., Bubere Z., Personal Privacy on Social Media, International Journal, 2021, 10, https://bit.ly/3uBtLMK

[14] Manfredsson A., We Traded Our Privacy for Comfortability, Sweden, 2020, 18, იხ. https://bit.ly/3yTIMfq

[15] Andreas Kirchner A., Reflections on Privacy in the Age of Global Electronic Data Processing with a Focus on Data Processing Practices of Facebook, Masaryk University, 2012, 8 იხ. https://bit.ly/3yrxqOq

[16] პეტრიაშვილი ლ., სურგულაძე გ., მონაცემთა მენეჯმენტის თანამედროვე ტექნოლოგიები,  თბილისი, 2017, 70. იხ. https://bit.ly/3nRoyN4

[17] Shegalov G., Hadoop filesystem at Twitter, 2015, იხ. <https://bit.ly/3ySo4MN > [09.07.2022]

[18] FACEBOOK STATISTICS AND TRENDS, 2022, იხ. https://bit.ly/3c4T4jG [09.07.2022]

[19] Pan S., Facebook’s Tectonic Filesystem: Efficiency from Exascale, Columbia, 2021, 2 იხ. https://bit.ly/3nRCZ3K

[20] Andreas Kirchner A., Reflections on Privacy in the Age of Global Electronic Data Processing with a Focus on Data Processing Practices of Facebook, Masaryk University, 2012, 9 იხ. https://bit.ly/3yrxqOq

[21] Dellinger AJ., Personal Data Of 533 Million Facebook Users Leaks Online, 2021, FORBES. იხ. https://bit.ly/38BXT2M  [09.07.2022]

[22] პერსონალურ მონაცემთა დავის ინსპექტორის აპარატი, რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის შესახებ, 2018, 3, იხ. https://bit.ly/3c1OP8S

[23] ევროკავშირის ფუნდამენტურ უფლებათა სააგენტო და ევროპის საბჭო, მონაცემთა დაცვის ევროპული სამართლის სახელმძღვანელო, ლუქსემბურგი, 2018, 418 იხ. https://bit.ly/3G1G8Go

[24] პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი, რა უნდა ვიცოდეთ ევროკავშირის მონაცემთა დაცვის რეგულაციის შესახებ, 2018, 7, იხ. https://bit.ly/3c1OP8S

[25] Statista, Number of global social network users 2018-2027, 2022, https://bit.ly/3Pjgxfl [09.07.2022] 

No comments:

Post a Comment

Project "Assessment of the Transparency and Accountability of the Security Sector"

Donor Organization: Innovations and Reforms Center, European Union Budget: 14,000 EUR Duration: 3 June 2024 - 3 February 2025 Project aim:...