See the English version here.
ავტორი: ქეთევან კუკავა
2022 წლის კანონის უზენაესობის ინდექსის მიხედვით, საქართველოში კანონის უზენაესობის მდგომარეობა 0.60 ქულით შეფასდა (მაქსიმალური 1 ქულა). ამ მაჩვენებლით საქართველოს პოზიცია წინა წელთან შედარებით 0,01 ქულით გაუარესდა. საქართველო 49-ე ადგილს იკავებს შეფასებულ 140 ქვეყანას შორის, ხოლო აღმოსავლეთ ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონში პირველ პოზიციაზეა 14 ქვეყანას შორის.
„მსოფლიოს მართლმსაჯულების
პროექტის“ კანონის უზენაესობის ინდექსი 140 ქვეყანაში არსებულ მდგომარეობას შემდეგი
8 კრიტერიუმით აფასებს: მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა, კორუფციის არარსებობა, ღია
მმართველობა, ძირითადი უფლებები, წესრიგი და უსაფრთხოება, სარეგულაციო აღსრულება, სამოქალაქო
მართლმსაჯულება და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება.
საქართველომ ყველაზე მაღალი შეფასება – 0.79 ქულა წესრიგისა
და უსაფრთხოების, ხოლო ყველაზე დაბალი – 0.51 ქულა სისხლის სამართლის მართლმსაჯულების
კომპონენტში მიიღო.
2021 წელთან შედარებით, საქართველოს შეფასება შემდეგ კომპონენტებში გაუარესდა: მთავრობის ძალაუფლების შეზღუდვა,
ძირითადი უფლებები, სამოქალაქო მართლმსაჯულება და სისხლის სამართლის მართლმსაჯულება. უცვლელი დარჩა კორუფციის არარსებობის, ღია მმართველობის, წესრიგისა
და უსაფრთხოების მაჩვენებლები. 2021 წელთან შედარებით, საქართველოს შეფასება
მხოლოდ სარეგულაციო აღსრულების კუთხით გაუმჯობესდა.
2020 და 2021 წლების მსგავსად, 2022 წელს კორუფციის არარსებობის
კომპონენტში საქართველოს 0.68 ქულა მიენიჭა. 2015-2021 წლების მაჩვენებლებს შორის 2020-2022
წლების შეფასებები ყველაზე დაბალია.
ძირითადი უფლებების კომპონენტში ყველაზე დაბალი შეფასება პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებას
აქვს (0.47 ქულა), ხოლო ყველაზე მაღალი - სიცოცხლისა და უსაფრთხოების უფლებას
(0.72 ქულა).
სამოქალაქო მართლმსაჯულების კომპონენტში ყველაზე
დაბალი ქულებით შემდეგი ინდიკატორები შეფასდა: სამოქალაქო მართლმსაჯულება ხორციელდება პროცესის დაუსაბუთებელი გაჭიანურების გარეშე (0.34 ქულა) და სამოქალაქო მართლმსაჯულება ხელისუფლების
გავლენისგან თავისუფალია (0.39 ქულა). ყველაზე მაღალი – 0.73 ქულა კი ეფექტური და მიუკერძოებელი დავის ალტერნატიული გადაწყვეტის მექანიზმებს მიენიჭა.
სისხლის
სამართლის მართლმსაჯულების ინდიკატორებს შორის საქართველოში ყველაზე პრობლემური მიმართულება
ხელისუფლების გავლენის არარსებობაა, რომელსაც ყველაზე დაბალი – 0.24 ქულა მიენიჭა, ხოლო
ყველაზე მაღალი – 0.73 ქულით კორუფციის
არარსებობა შეფასდა. საკმაოდ დაბალი – 0.36 ქულით შეფასდა ეფექტური
გამოძიების კომპონენტი, რაც
2021 წლის მაჩვენებელზე 0.01 ქულით
ნაკლებია.
No comments:
Post a Comment