Wednesday, 31 January 2024

კვლევის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია ღია მართლმსაჯულებისა და მომხმარებელზე ორიენტირებული სასამართლო სერვისების შესახებ

2024 წლის 29 იანვარს, „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრმა“ გამართა კვლევის პრეზენტაცია და პანელური დისკუსია ღია მართლმსაჯულებისა და სასამართლო სერვისების შესახებ.

მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრის“ ხელმძღვანელმა, ქეთევან კუკავამ და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ წარმომადგენელმა, ადნა კარამეჰიკ-ოუთსმა.

„კვლევამ აჩვენა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემა სათანადოდ ვერ იყენებს ტექნოლოგიას, როგორც გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაუმჯობესების ინსტრუმენტს. თბილისის საქალაქო სასამართლო არ უზრუნველყოფს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმ საფუძვლით, რომ მისი დამუშავება დიდ დროს და სასამართლოს რესურსს მოითხოვს. მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობაც. მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემამ მიიღოს სათანადო ზომები გამჭვირვალობისა და სასამართლო სერვისების გასაუმჯობესებლად და ხელი შეუწყოს ღია მართლმსაჯულების პრინციპების სრულყოფილ დანერგვას,“ - აღნიშნა ქეთევან კუკავამ.

ქეთევან კუკავამ წარმოადგინა კვლევა „ღია მართლმსაჯულება და მომხმარებელზე ორიენტირებული სასამართლო სერვისები საქართველოში – გამოწვევები და რეკომენდაციები.“

კვლევის პრეზენტაციის შემდეგ გაიმართა პანელური დისკუსია. მომხსენებლებს შორის იყვნენ: გიორგი გოცირიძე – „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ საკონსტიტუციო სამართალწარმოების გუნდის ხელმძღვანელი; ქეთი ჩუთლაშვილი – „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი და გიორგი ანთაძე – იურიდიული ფირმა „კავკასუს ლეგალ სერვისის“ დამფუძნებელი პარტნიორი/ადვოკატი.

ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, არასამთავრობო ორგანიზაციების, სახალხო დამცველის აპარატის, აკადემიური წრის, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე უნივერსიტეტების სტუდენტები.

იხილეთ კვლევა.

პროექტს ახორციელებს „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი“ ღია მმართველობის პარტნიორობის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის EU4Integrity პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.


No comments:

Post a Comment

Project "Assessment of the Transparency and Accountability of the Security Sector"

Donor Organization: Innovations and Reforms Center, European Union Budget: 14,000 EUR Duration: 3 June 2024 - 3 February 2025 Project aim:...