Monday, 17 October 2022

კლიმატის 2030 წლის მიზნებთან საქართველოს დაახლოება

See the English version here.

ავტორი: მარიამ კუკავა

კლიმატისა და ენერგეტიკის 2030 წლის მიზნების მიღწევის პროცესში ევროკავშირის დასახმარებლად, ენერგეტიკული კავშირისა და კლიმატთან დაკავშირებული მოქმედების მართვის შესახებ ევროპარლამენტისა და საბჭოს 2018 წლის 11 დეკემბრის რეგულაციით (EU) 2018/1999 (მართვის რეგულაცია) დადგენილია ენერგეტიკისა და კლიმატის პოლიტიკისა და მიზნების დაგეგმვის, ანგარიშგებისა და მონიტორინგის განხორციელების საერთო წესებ. მისი მიზანია უზრუნველყოს ენერგეტიკული უსაფრთხოების, შიდა ენერგეტიკული ბაზრის, ენერგოეფექტურობის, დეკარბონიზაციისა და კვლევის, ინოვაციებისა და კონკურენტუნარიანობის შესახებ ენერგეტიკული კავშირის სტრატეგიის[1] თანმიმდევრული განხორციელება და კოორდინაცია. რეგულაცია ასევე უზრუნველყოფს ევროკავშირში დაგეგმვისა და ანგარიშგების სინქრონიზებას პარიზის შეთანხმების ამბიციურ ციკლებთან[2].

ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულებისა და ევროკომისიის წინადადების გათვალისწინებით, ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭომ მიიღო D/2021/14/MC-EnC გადაწყვეტილება, რომელიც ცვლის ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების მე-20 მუხლსა და I დანართს და ითვალისწინებს (EU) 2018/2001 დირექტივის, (EU) 2018/2002 დირექტივის, (EU) 2018/1999 რეგულაციის, (EU) 2020/1044 დელეგირებული რეგულაციისა და (EU) 2020/1208 იმპლემენტირებული რეგულაციის გაერთიანებას ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობაში. 

მართვის რეგულაციის მიღება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ენერგეტიკულ გაერთიანებაში დეკარბონიზაციის განზომილების მისაღწევად. ის წარმოადგენს იმ ძირითადი საკანონმდებლო აქტების ნაწილს, რომლებიც გამომდინარეობს ევროკავშირის „სუფთა ენერგია ყველა ევროპელისთვის“ პაკეტიდან.

ამ გადაწყვეტილებით ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელმა მხარეებმა, მათ შორის საქართველომ, აიღეს ვალდებულება, 2022 წლის 31 დეკემბრამდე მიიღონ და განახორციელონ მართვის რეგულაცია.

ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა[3]

ეგულაციის თანახმად, ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა შეიმუშავონ ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმა (NECP). კერძოდ, 2024 წლის 30 ივნისამდე, შემდგომ 2029 წლის 1 იანვრამდე და შემდგომ ყოველ ათ წელიწადში, თითოეული ხელშემკვრელი მხარე ვალდებულია, აცნობოს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ინტეგრირებული NECP. NECP-ის სავალდებულო სტრუქტურა და შინაარსი მოიცავს შემდეგს:

  • მიმოხილვა და გეგმის შედგენის პროცესი;
  • ეროვნული მიზნები და ამოცანები;
  • პოლიტიკა და ზომები;
  • არსებული მდგომარეობა და არსებული პოლიტიკითა და ღონისძიებებით განსაზღვრული პროგნოზები;
  • დაგეგმილი პოლიტიკისა და ღონისძიებების გავლენის შეფასება[4].

პირველი გეგმა უნდა მოიცავდეს 2025 წლიდან 2030 წლამდე პერიოდს. შემდგომი გეგმები უნდა მოიცავს წინა გეგმით განსაზღვრული პერიოდის დასრულებიდან ათწლიან პერიოდს[5].

NECP განსაზღვრავს ეროვნულ მიზნებს ენერგეტიკული კავშირის ხუთივე განზომილებისთვის[6]:

  • ენერგეტიკული უსაფრთხოება;
  • ენერგეტიკის შიდა ბაზარი;
  • ენერგოეფექტურობა;
  • დეკარბონიზაცია და
  • კვლევა, ინოვაცია და კონკურენტუნარიანობა.

ეროვნული გრძელვადიანი სტრატეგიები

ენერგეტიკული გაერთიანების ხელშემკვრელი მხარეები ვალდებული არიან შეიმუშაონ და სამდივნოს წარუდგინონ ეროვნული გრძელვადიანი სტრატეგიები რეგულაციის ძალაში შესვლის დროისთვის, შემდგომ 2029 წლის 1 იანვრამდე და შემდგომ ყოველ 10 წელიწადში ერთხელ. გეგმა უნდა შეიცავდეს 30 წლიან პერსპექტივას და უნდა შეესაბამებოდეს ენერგეტიკული გაერთიანების კლიმატ-ნეიტრალურობის მიზანს.

ხელშემკვრელმა მხარეებმა უნდა უზრუნველყონ ამ სტრატეგიებსა და მათ NECP-ებს შორის თანმიმდევრულობა და განაახლონ ისინი ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ.

ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული პროგრესის შესახებ ანგარიშგება

რეგულაცია ადგენს ანგარიშგების ვალდებულებას. თითოეული ხელშემკვრელი მხარე ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული გეგმის განხორციელების სტატუსს წარუდგენს ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული პროგრესის შესახებ ანგარიშის სახით, რომელიც მოიცავს ენერგეტიკული კავშირის ხუთივე განზომილებას. პირველი ანგარიში უნდა წარედგინოს 2025 წელს და შემდეგ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ.

ენერგეტიკისა და კლიმატის ეროვნული ინტეგრირებული პროგრესის შესახებ ანგარიში უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მიზნების შესრულების პროცესში მიღწეული პროგრესის შესახებ, მათ შორის, ენერგეტიკული გაერთიანების კლიმატ-ნეიტრალურობის მიზნის, NECP-ით გათვალისწინებული სამიზნე მაჩვენებლებისა და წვლილის, ასევე მათ შესასრულებლად აუცილებელი პოლიტიკისა და შესაბამისი ზომების განხორციელების შესახებ ინფორმაციას. ანგარიში ასევე უნდა მოიცავდეს ინტეგრირებულ ანგარიშგებას განახლებადი ენერგიის, ენერგოეფექტურობის, ენერგოუსაფრთხოების, ენერგეტიკული სიღარიბისა და კვლევის, ინოვაციებისა და კონკურენტუნარიანობის შესახებ.

საქართველოს გზა კლიმატის ცვლილებისკენ

საქართველო შეუერთდა UNFCCC-ს, როგორც დანართ I-ში არ შესული ქვეყანა, კიოტოს პროტოკოლს[7] და დაამტკიცა პარიზის შეთანხმება[8]. ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებული რეფორმები ასევე გულისხმობს საქართველოს კანონმდებლობის ჰარმონიზაციას ევროკავშირის კანონმდებლობასთან კლიმატის ცვლილების შერბილების, ენერგოეფექტურობის, ჰაერის დაბინძურებისა და განახლებადი ენერგიის შესახებ. როგორც ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების ხელშემკვრელ მხარეს, საქართველოს 2017 წლიდან აღებული აქვს ვალდებულება, განახორციელოს მოქმედი ენერგეტიკული კანონმდებლობის, მათ შორის კლიმატის ცვლილების შესახებ კანონმდებლობის იმპლემენტაცია.

საქართველოს მთავრობის 2021 წლის 8 აპრილის No167 დადგენილებით დამტკიცდა შემდეგი დოკუმენტები: გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციის „პარიზის შეთანხმებით“ გათვალისწინებული – „საქართველოს განახლებული ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილი (NDC)“, საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგია და საქართველოს კლიმატის ცვლილების 2030 წლის სტრატეგიის 2021 – 2023 წლების სამოქმედო გეგმა. განახლებული NDC გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციას (UNFCCC) 2022 წლის 5 მაისს წარედგინა.[9]

განახლებული NDC-ის შესაბამისად, საქართველომ აიღო ვალდებულება 2030 წლისთვის შეამციროს სათბურის გაზების ემისია 35%-მდე 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით.

საქართველოს 2030 წლის კლიმატის ცვლილების სტრატეგია, საქართველოში კლიმატის ცვლილების შერბილების მიზნით, განსაზღვრავს სათბურის გაზების ემისიების შემცირების მიზნების მიღწევის გზებს.

სტრატეგიის დოკუმენტი განსაზღვრავს კლიმატის ცვლილების შერბილების სახელმწიფო პოლიტიკას შემდეგ სექტორებში: ენერგიის გენერაცია და გადაცემა, შენობები, ტრანსპორტი, სატყეო მეურნეობა, სოფლის მეურნეობა, ნარჩენების მართვა, მრეწველობა.

კლიმატის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა ასევე მხარს უჭერს მდგრადი განვითარების მიზნების ფარგლებში საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების შესრულებას (SDG).

კლიმატის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის მიზნები

2030 წლისთვის განსაზღვრული გრძელვადიანი ხედვის მისაღწევად[10], კლიმატის სტრატეგია და სამოქმედო გეგმა თითოეული სექტორისთვის შემდეგ მიზნებს განსაზღვრავს:

მიზანი 1: 2030 წლისთვის, ენერგიის გენერაციისა და გადაცემის სექტორში, სათბურის აირების ემისიების, საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზებთან შედარებით 15%-თ შემცირება;

მიზანი 2: 2030 წლისთვის, ტრანსპორტის სექტორში, სათბურის აირების ემისიების, საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზებთან შედარებით 15%-თ შემცირება;

მიზანი 3: შენობების სექტორში დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარების ხელშეწყობა კლიმატგონივრული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მომსახურების წახალისებით;

მიზანი 4: 2030 წლისთვის, საბაზისო სცენარით გათვალისწინებულ პროგნოზებთან შედარებით, ემისიების 5%-თ შესამცირებლად, მრეწველობის სექტორის დაბალნახშირბადიანი მიდგომების განვითარების ხელშეწყობა, კლიმატგონივრული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მომსახურებების წახალისებით;

მიზანი 5: სოფლის მეურნეობის სექტორის დაბალნახშირბადიანი განვითარების ხელშეწყობა კლიმატგონივრული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მომსახურებების წახალისებით;

მიზანი 6: ნარჩენების სექტორის დაბალნახშირბადიანი განვითარების ხელშეწყობა კლიმატგონივრული და ენერგოეფექტური ტექნოლოგიებისა და მომსახურებების წახალისებით;

მიზანი 7: 2030 წლისთვის, სატყეო სექტორის მიერ ნახშირბადის შთანთქმის შესაძლებლობის 2015 წელს დაფიქსირებულ დონესთან შედარებით 10%-თ გაზრდა.[11]

ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ ხელშეკრულებასთან შეერთებით, საქართველომ აიღო ვალდებულება შიდა კანონმდებლობა ევროკავშირის კლიმატის ადაპტირებულ წესებთან შესაბამისობაში მოიყვანოს.

2030 წლის მიზნების დასადგენად, საქართველო, როგორც ხელშემკვრელი მხარე, ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს რეკომენდაციების შესაბამისად ამზადებს ინტეგრირებულ NECP-ს. სათბურის გაზების ემისიების შესამცირებლად ეს პროცესი მოითხოვს თანმიმდევრული პოლიტიკისა და ზომების შემუშავებას ენერგეტიკის ყველა სექტორში.

მართვის რეგულაციიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულების მიზნით, საქართველომ უნდა გააძლიეროს არსებული სამართლებრივი და ინსტიტუციური ბაზა. აუცილებელია პოლიტიკის, სტრატეგიებისა და დაგეგმვის დოკუმენტების შესახებ ენერგეტიკასა და კლიმატთან დაკავშირებული მოქმედი სამართლებრივი აქტების გადახედვა და ახალი სამართლებრივი წესების დადგენა, რომლებიც განსაზღვრავს უფლებამოსილი ორგანოების როლსა და პასუხისმგებლობას. აღნიშნული საჭიროებს მოქმედი სამართლებრივი აქტების საფუძვლიან ანალიზს და ასევე, ხარვეზების გამოვლენას იმ სფეროებში, რაც დამატებით მოწესრიგებას საჭიროებს.

მართვის რეგულაცია საქართველოს აკისრებს მკაფიო ვალდებულებას, შეიმუშაოს და წარუდგინოს თავისი ინტეგრირებული NECP ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს. შესაბამისად, საქართველომ დროულად უნდა დაასრულოს NECP-ის პირველი პროექტის მომზადებისა და წარდგენის პროცესი.

მართვის რეგულაციის ძალაში შესვლის დროისთვის, შემდგომ 2029 წლის 1 იანვრამდე და შემდგომ ყოველ ათ წელიწადში ერთხელ, საქართველო ვალდებულია მოამზადოს და წარუდგინოს ევროპის საბჭოს გრძელვადიანი სტრატეგია 30 წლიანი პერსპექტივით. ამასთან, მართვის რეგულაცია მოითხოვს გრძელვადიანი სტრატეგიების შემუშავებას ღიად და გამჭვირვალედ.



[2] პარიზის შეთანხმება (PA) არის იურიდიულად სავალდებულო საერთაშორისო ხელშეკრულება კლიმატის ცვლილების შესახებ. იგი მიღებულ იქნა 2015 წლის 12 დეკემბერს და ძალაში შევიდა 2016 წლის 4 ნოემბერს. პარიზის შეთანხმება ადგენს, ერთი მხრივ, ოპერაციულ მიზანს, გლობალური საშუალო ტემპერატურის ზრდის 2°C-მდე შეზღუდვა წინარე ინდუსტრიულ დონესთან შედარებით და, მეორე მხრივ, სასურველ მიზანს, ტემპერატურის ზრდის 1.5°C-მდე შეზღუდვის მცდელობა, პრეინდუსტრიულ დონესთან შედარებით. საქართველო პარიზის შეთანხმების მხარეა 2015 წლიდან;

[3] მართვის რეგულაციის მე-3 და მე-4 მუხლები;

[5] ენერგეტიკული კავშირისა და კლიმატთან დაკავშირებული მოქმედების მართვის შესახებ  2018 წლის 11 დეკემბრის რეგულაცია (EU) 2018/1999 მიღებული და ადაპტირებული მინისტრთა საბჭოს 2021 წლის 30 ნოემბრის 2021/14/MC-EnC გადაწყვეტილებით (EU) 2018/1 რეგულაციის ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობაში მიღებისა და ხელშეკრულების I დანართში შესწორებების შეტანის შესახებ;

[6] მუხლი 1.2 და დანართი I-ის A სექციის მე-2 პუნქტი;

[7] რატიფიცირების თარიღია 1999 წლის 19 ივნისი;

[8] რატიფიცირების თარიღია 2017 წლის 8 მაისი;

[10] 2030 წლისთვის სათბურის გაზების ემისიების 35%-მდე შემცირება 1990 წლის მაჩვენებელთან შედარებით ეკონომიკის ყველა სექტორისთვის.

[11] საქართველოს 2030 წლის კლიმატის სტრატეგიის 2021-2023 სამოქმედო გეგმა ხელმისაწვდომია - https://mepa.gov.ge/En/Files/ViewFile/50122;

No comments:

Post a Comment

Project "Assessment of the Transparency and Accountability of the Security Sector"

Donor Organization: Innovations and Reforms Center, European Union Budget: 14,000 EUR Duration: 3 June 2024 - 3 February 2025 Project aim:...