See the English version here.
ავტორი: მარიამ კუკავა
2022 წლის 29 ივნისს ევროპარლამენტმა და საბჭომ მიიღეს (EU) 2022/1032 რეგულაცია, რომელიც ცვლის გაზის მიწოდების უსაფრთხოების დაცვის ზომების შესახებ (EU) 2017/1938 რეგულაციას და ბუნებრივი გაზის გადამცემ ქსელთან წვდომის პირობების შესახებ (EC) No715/2009 რეგულაციას (რეგულაციას)[1]. უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის ესკალაციის შედეგად შექმნილი საგანგებო სიტუაციის საპასუხოდ, ევროკავშირმა მიიღო წესები, რომლებიც „დრამატულად შეცვლილი გეოპოლიტიკური სიტუაციის" კონტექსტში მიზნად ისახავს ევროკავშირში „სოლიდარობის სულისკვეთებით“ საცავი მოწყობილობების სათანადოდ გამოყენებას და გაზიარებას. ბოლო პერიოდში განვითარებულმა მოვლენებმა ევროკავშირში ფართომასშტაბიანი შედეგები გამოიწვია. შედეგად, ენერგიის დაზოგვა და ენერგოეფექტურობა ევროკავშირის დონეზე განისაზღვრა, როგორც გაზის მიწოდების უსაფრთხოების გაძლიერების მთავარი ხელშემწყობი.
კონტექსტი: გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილება და სამომავლო
გაურკვევლობა
მიუხედავად იმისა,
რომ გაზმომარაგების მოკლევადიანი შეფერხებები წარსულშიც ხდებოდა, 2022 წელს შექმნილი
სიტუაცია მნიშვნელოვნად განსხვავებულია. უკრაინაში რუსეთის შეჭრამ ევროკავშირის ენერგეტიკული
უსაფრთხოების თვალსაზრისით სერიოზული შეშფოთება გამოიწვია, შედეგად, გაზრდილმა გეოპოლიტიკურმა
დაძაბულობამ გაურკვევლობა კიდევ უფრო გააძლიერა. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას
გაზის სექტორში, სადაც რუსეთი არის წამყვანი მესამე ქვეყნის მიმწოდებელი, რომელზეც
რამდენიმე წევრი სახელმწიფო მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული.[2]
მიმდინარე გეოპოლიტიკურ კონტექსტში, მიწოდების
შეფერხების რისკი ისტორიულად მაღალია. უკრაინის წინააღმდეგ რუსული სამხედრო აგრესიის
გავლენამ აჩვენა, რომ მიწოდების უსაფრთხოების მოქმედი წესები არ არის მორგებული უეცარ
მიზანმიმართულ მოვლენებსა და გეოპოლიტიკური სიტუაციის ცვლილებებზე. შესაბამისად, ყურადღება
მიიპყრო გაზის შენახვამ, როგორც მიმდინარე ენერგეტიკული კრიზისის გავლენის შერბილების
ერთ-ერთმა ძლიერმა ინსტრუმენტმა.
შექმნილი უპრეცედენტო საგანგებო ვითარებისა და
გეოპოლიტიკური სიტუაციის სამომავლო ცვლილებებით გამოწვეული გაურკვევლობების გათვალისწინებით,
რეგულაციით წახალისებულია წევრი სახელმწიფოების მიერ ევროკავშირის გაზის საცავის შევსების
მიზნების შეძლებისდაგვარად სწრაფად მიღწევა. მიწისქვეშა გაზის საცავები (UGS) მნიშვნელოვან
როლს ასრულებს მიწოდების უსაფრთხოებისა და ევროპული გაზის სისტემის მოქნილობისთვის, ვინაიდან
ისინი უზრუნველყოფენ დამატებითი გაზის მიწოდებას საგანგებო სიტუაციებში, როგორიცაა
მაღალი მოთხოვნა ან მიწოდების შეფერხება.
ევროკავშირის გაზის საცავის მოცულობა შეადგენს
1,147 ტერავატ-საათს 18 წევრ ქვეყანაში
ან ევროკავშირის წლიური მოხმარების დაახლოებით 27%-ის ექვივალენტს. 2021 წლის 1 ნოემბერს საცავში არსებული გაზი ევროკავშირის გაზის საცავის მოცულობის თითქმის 74%-ს და ევროკავშირის წლიური მოხმარების 20%-ს[3] შეადგენდა. მიწისქვეშა გაზის საცავებთან დაკავშირებით სიტუაცია მკვეთრად განსხვავდება წევრ
სახელმწიფოებში. ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს საცავის
დიდი მოცულობა გააჩნია (გერმანია, იტალია, საფრანგეთი, ნიდერლანდები და ავსტრია ევროკავშირის
მთლიანი მოცულობის ორ მესამედს შეადგენენ),[4] ზოგიერთს - მხოლოდ მცირე ზომის, ხოლო ევროპის რამდენიმე ქვეყანას საცავი მოწყობილობა არ აქვს (კვიპროსი, ესტონეთი, ფინეთი, საბერძნეთი, ირლანდია,
ლიეტუვა, ლუქსემბურგი, მალტა და სლოვენია). თუმცა, ევროკავშირის ახალი რეგულაციების თანახმად,
გაზის რეზერვების უზრუნველსაყოფად
აღნიშნული ქვეყნები სხვა წევრ სახელმწიფოებთან სოლიდარობის შეთანხმებებს გააფორმებენ.[5] რეგულაცია
ითვალისწინებს გამონაკლისს კვიპროსის, მალტასა და ირლანდიის შემთხვევაში, ვინაიდან ამ ქვეყნების სისტემები
არ არის პირდაპირ დაკავშირებული წევრი სახელმწიფოების გაზის სისტემასთან.[6]
გაზის
საცავების შესახებ ახალი წესები
უკრაინაში რუსეთის ომმა გამოიწვია ენერგიის
ფასების ზრდა და გავლენა მოახდინა ევროკავშირის ენერგომომარაგებაზე. ევროპის ენერგეტიკული მდგრადობის გასაძლიერებლად, ევროპარლამენტმა და საბჭომ საბოლოოდ მიიღეს რეგულაცია, რომლის მიზანია ზამთრის სეზონის
დაწყებამდე ევროკავშირში გაზის
საცავის მოცულობების შევსების უზრუნველყოფა (როგორც პრევენციული ღონისძიება მიწოდების
უსაფრთხოების
უზრუნველსაყოფად),
რაც შეიძლება განაწილდეს წევრ ქვეყნებს
შორის სოლიდარობის
სულისკვეთებით.
რეგულაცია ფოკუსირებულია სამ ძირითად ელემენტზე: ზამთრის სეზონის დაწყებამდე შევსების მინიმალური
დონეების უზრუნველყოფა; საცავის სისტემის
ოპერატორების სავალდებულო სერტიფიცირება
და გაზის საცავებისთვის 100%-იანი სატარიფო
შეღავათის დაწესება.
ევროკავშირის
გაზის საცავის შევსების მიზნის განსაზღვრა რეგულაციის ძირითადი ქვაკუთხედია. მისი მოცულობა ფიქსირებულია მინიმუმ 80%-ზე 2022 წლის 1 ნოემბრამდე
(2022/2023 წლის ზამთრის სეზონის დაწყებამდე). მომდევნო წლების განმავლობაში შენახვის საჭირო დონე უნდა გაიზარდოს 90%-მდე
(2023 წლის 1 ნოემბერის შემდგომ). წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ დაადგინონ შევსების უფრო მაღალი სამიზნე მაჩვენებელი, 2022 წლისთვის
ევროკავშირში მიწისქვეშა გაზის საცავის
მოცულობის 85%-ის გაერთიანების მიერ ერთობლივად შესავსებად.
შევსების მიზნები
აუცილებელია იმისთვის, რომ ევროკავშირში მომხმარებლები დაცული იყვნენ გაზის მიწოდების
შესაძლო დეფიციტისგან. ვინაიდან გაზის საცავის
მოცულობები და ეროვნული სიტუაციები მნიშვნელოვნად განსხვავდება, წევრ სახელმწიფოებს,
კონკრეტული პირობების გათვალისწინებით, ენიჭებათ უფლება ნაწილობრივ დააკმაყოფილონ შევსების
მიზანი თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) მარაგების ან ალტერნატიული საწვავის ჩათვლით.
ვინაიდან ზოგიერთ წევრ სახელმწიფოს გააჩნია მიწისქვეშა
საცავის მნიშვნელოვანი მოცულობა მათ მიერ გაზის შიდა მოხმარებასთან
შედარებით, მათზე შეიძლება არაპროპორციულად იმოქმედოს მათ ტერიტორიაზე არსებული მიწისქვეშა
გაზის საცავების შევსების მიზნის მიღწევის ვალდებულების
დაწესებამ. შესაბამისად, მიწისქვეშა მარაგების შევსების ვალდებულება შემოიფარგლება
იმ მოცულობით,
რომელიც შეესაბამება წევრი სახელმწიფოების გაზის საშუალო წლიური მოხმარების 35%-ს ბოლო
ხუთი წლის განმავლობაში.
ვინაიდან მრავალ წევრ სახელმწიფოში
უკვე მოქმედებს სხვადასხვა მარეგულირებელი რეჟიმი გაზის საცავის შევსების
მხარდასაჭერად, რეგულაცია არ ითვალისწინებს კონკრეტულ ინსტრუმენტს შევსების მიზნის
დასაკმაყოფილებლად. წევრ სახელმწიფოებს უფლება აქვთ აირჩიონ, რომელი ინსტრუმენტია ყველაზე შესაფერისი მათი ეროვნული სისტემებისთვის. მიუხედავად
ამისა, ზოგადი პრინციპი, რომელიც ვრცელდება თითოეულ წევრ სახელმწიფოზე, არის შემდეგი
- წევრი სახელმწიფოების მიერ მიწისქვეშა გაზის საცავების შევსების უზრუნველსაყოფად მიღებული ნებისმიერი ზომა უნდა იყოს „აუცილებელი, მკაფიოდ განსაზღვრული, გამჭვირვალე, პროპორციული, არადისკრიმინაციული და შემოწმებადი
და უკანონოდ არ უნდა
დაარღვიოს კონკურენცია ან გაზის შიდა ბაზრის გამართული ფუნქციონირება
ან საფრთხე არ შეუქმნას სხვა წევრი სახელმწიფოების ან გაერთიანების გაზმომარაგების უსაფრთხოებას“.[7] ეს მოთხოვნები მიზნად ისახავს დომინანტური პოზიციის გაძლიერების ან იმ საწარმოების მიერ მოულოდნელი მოგების მიღების
თავიდან აცილებას, რომლებიც მიწისქვეშა გაზის საცავებს აკონტროლებენ, ასევე
დაჯავშნილი საცავის მოცულობის გამოუყენებლობის პრევენციას.
იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ რამდენიმე
წევრ სახელმწიფოს არ გააჩნია საკუთარი გაზის საცავი, რეგულაცია ითვალისწინებს,
რომ ასეთმა ქვეყნებმა უნდა შეინახონ გაზის წლიური შიდა მოხმარების 15% სხვა წევრ სახელმწიფოებში
მდებარე მარაგებში და ამგვარად ჰქონდეთ წვდომა სხვა წევრი სახელმწიფოს
ტერიტორიაზე შენახულ გაზის მარაგებზე. უფრო მეტიც, გამონაკლისის დაწესების გზით, წევრმა სახელმწიფოებმა,
რომლებსაც არ გააჩნიათ მიწისქვეშა გაზის საცავი, შეიძლება „ტვირთის განაწილების მექანიზმი“ შეიმუშაონ ერთ ან მეტ წევრ სახელმწიფოსთან, რომელსაც მიწისქვეშა გაზის საცავი გააჩნია, რისკის შეფასების
საფუძველზე, რაც მათ საჭიროებებს
გამოავლენს.
რეგულაცია ითვალისწინებს ყველა მიწისქვეშა გაზის
საცავის ოპერატორის სავალდებულო სერტიფიცირებას შესაბამისი წევრი სახელმწიფოების კომპეტენტური
ორგანოების მიერ. სერტიფიცირების პროცედურა მიზნად ისახავს კრიტიკულ შემნახველ ინფრასტრუქტურაზე გარე ზემოქმედების პოტენციური რისკების თავიდან აცილებას.
შევსების წახალისების მიზნით, ახალი რეგულაცია
100%-მდე სატარიფო შეღავათს
ითვალისწინებს საცავში და საცავიდან გადაცემის და განაწილების
სიმძლავრის შესვლისა და გასვლის ტარიფებზე, როგორც მიწისქვეშა გაზის საცავებზე, ასევე თხევადი ბუნებრივი
გაზის ობიექტებზე, რითაც ბაზრის მონაწილეებისთვის შენახვას უფრო მიმზიდველს ხდის.
არსებული გარემოებების განსაკუთრებული ბუნების გამო, შესანახი მოცულობის შევსების ვალდებულებები 2025 წლის 31
დეკემბერს
დასრულდება. საცავის ოპერატორის სერტიფიცირების ვალდებულებები ძალაში დარჩება ამ თარიღის შემდეგაც.
რეგულაციის მოქმედება ენერგეტიკული გაერთიანების
ხელშემკვრელ მხარეებზე
რეგულაცია, როგორც გადაუდებელი აუცილებლობა, ენერგეტიკული
გაერთიანების კანონმდებლობის ნაწილი გახდება
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების
შესაბამისად, რომელსაც ხელი მოეწერა ათენში
2005 წლის 25 ოქტომბერს და ძალაში შევიდა 2006 წლის 1 ივლისს.[8]
2016 წელს ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელ
ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ ოქმის ხელმოწერით, საქართველო ენერგეტიკული გაერთიანების
ხელშემკვრელი მხარე გახდა. ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის ზოგიერთი
დებულების განხორციელებასთან დაკავშირებით
ერთიანი მიდგომის, ასევე იმ ფაქტის გათვალისწინებით,
რომ საქართველო უშუალოდ არ არის დაკავშირებული რომელიმე ხელშემკვრელი მხარის ან ევროკავშირის
წევრი სახელმწიფოს ენერგეტიკულ ქსელთან, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ენერგეტიკული გაერთიანების კანონმდებლობის ის დებულებები რომლებიც ხელშემკვრელ მხარესთან ან ევროკავშირის წევრ სახელმწიფოსთან
ენერგიის ტრანსსასაზღვრო გაცვლას ეხება, გამოიყენება
მას შემდეგ, რაც საქართველო ფიზიკურად დაუკავშირდება რომელიმე
ხელშემკვრელი მხარის ან ევროკავშირის წევრი სახელმწიფოს
ენერგეტიკულ ქსელს.[9]
ენერგეტიკული გაერთიანების დამფუძნებელი ხელშეკრულების 24-ე მუხლი ახალი საკანონმდებლო აქტების
გადმოტანის პროცესში ადაპტაციის შესაძლებლობას იძლევა. ეს ადაპტაციები ითვალისწინებს ხელშეკრულების ინსტიტუციურ ჩარჩოს
(მაგალითად, წევრ სახელმწიფოებზე მითითების ცვლილება ხელშემკვრელ მხარეებზე მითითებებით) და ხელშემკვრელი მხარეების სპეციფიკურ მდგომარეობას. შესაბამისად,
ენერგეტიკული გაერთიანების მინისტრთა საბჭოს გადაწყვეტილება რეგულაციის იმპლემენტაციისა
და ადაპტაციის შესახებ უნდა ეფუძნებოდეს იმ ფაქტს, რომ საქართველო, სანამ ის უშუალოდ
არ არის დაკავშირებული სხვა ხელშემკვრელი მხარის გაზის ურთიერთდაკავშირებულ სისტემასთან,
უნდა გათავისუფლდეს
ამ რეგულაციის მოქმედებისგან.
[1] ევროპარლამენტისა
და საბჭოს 2022 წლის 29 ივნისის (EU) 2022/1032 რეგულაცია, რომელიც
ცვლის (EU)
2017/1938 და (EC) No 715/2009 რეგულაციებს
გაზის საცავებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია - https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32022R1032&from=EN;
[2]
რუსულ გაზზე დამოკიდებული ევროპული ქვეყნების შესახებ მეტი ინფორმაციისთვის
ეწვიეთ - https://thehill.com/policy/equilibrium-sustainability/3260553-these-european-countries-are-the-most-dependent-on-russian-gas/;
[3]
ACER-ისა და CEER-ს შეხედულებები რეგულაციის წინადადებაზე,
რომელიც ცვლის რეგულაციებს (EU) 2017/1938 და (EC) 715/2009, რაც უკავშირდება გაზის
საცავებთან წვდომას, 2022 წლის 29 აპრილი, ხელმისაწვდომია - https://www.acer.europa.eu/sites/default/files/documents/Position%20Papers/Regulators%20feedback%20EC%20storage%20regulation%20proposal_final_formatted.pdf;
[4]
ინფორმაცია ხელმისაწვდომია - https://www.consilium.europa.eu/en/infographics/gas-storage-capacity/#:~:text=The%20majority%20of%20the%20EU,with%20the%20lowest%20filling%20levels;
[5]
ევროკავშირის წევრ ქვეყნებში გაზის საცავის მოცულობისა და მისი
შევსების დონის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს - https://www.consilium.europa.eu/en/infographics/gas-storage-capacity/#:~:text=The%20majority%20of%20the%20EU,with%20the%20lowest%20filling%20levels;
[6]
ევროპარლამენტისა და საბჭოს 2022 წლის 29 ივნისის (EU)
2022/1032 რეგულაცია რომელიც ცვლის (EU) 2017/1938 და (EC) No 715/2009 რეგულაციებს
გაზის საცავებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია - https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32022R1032&from=EN;
[7] ევროპარლამენტისა და საბჭოს 2022 წლის 29 ივნისის (EU) 2022/1032 რეგულაცია რომელიც ცვლის (EU) 2017/1938 და (EC) No 715/2009 რეგულაციებს გაზის საცავებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია - https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32022R1032&from=EN;
[8] ევროპარლამენტისა
და საბჭოს 2022 წლის 29 ივნისის (EU) 2022/1032 რეგულაცია რომელიც ცვლის (EU)
2017/1938 და (EC) No 715/2009 რეგულაციებს გაზის საცავებთან დაკავშირებით, ხელმისაწვდომია
- https://eur-lex.europa.eu/legal-content/EN/TXT/PDF/?uri=CELEX:32022R1032&from=EN;
[9] ენერგეტიკული გაერთიანების
დამფუძნებელ ხელშეკრულებაზე საქართველოს მიერთების შესახებ ოქმი ხელმისაწვდომია -
No comments:
Post a Comment