Wednesday, 31 January 2024

ღია მართლმსაჯულება და მომხმარებელზე ორიენტირებული სასამართლო სერვისები საქართველოში – გამოწვევები და რეკომენდაციები

ღია მართლმსაჯულება გულისხმობს ღია მმართველობის პრინციპების გამჭვირვალობის, მოქალაქეთა მონაწილეობისა და ანგარიშვალდებულების სასამართლო სისტემაზე მისადაგებას.[1]

თანამედროვე ტექნოლოგიებს აქვს პოტენციალი, მნიშვნელოვნად გააუმჯობესოს სასამართლო სისტემის გამჭვირვალობა, ეფექტიანობა და მართლმსაჯულების ხელმისაწვდომობა, ასევე ხელი შეუწყოს მომხმარებლებზე ორიენტირებული სერვისების დანერგვას.

ციფრულმა ტრანსფორმაციამ უნდა უზრუნველყოს მართლმსაჯულების სისტემის ადამიანებთან დაახლოება და გააუმჯობესოს სერვისების ეფექტიანობა.[2] მართლმსაჯულების სისტემის შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის ხელმისაწვდომობა საზოგადოების ნდობის განმაპირობებელი ერთ-ერთი ფაქტორია. გარდა ამისა, საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობა ხელს უწყობს ინფორმირებულ საჯარო დებატებს და ზრდის მონაწილეობითი პროცესების ხარისხს..[3]

სასამართლოში ტექნოლოგიების ეფექტურ დანერგვას დიდი მოცულობის საქმის შესრულების პოტენციალი აქვს, რასაც აპარატის თანამშრომლების ადმინისტრაციული ტვირთის შემცირება შეუძლია. თუმცა, კვლევამ ცხადყო, რომ ქართულ რეალობაში ტექნოლოგიებმა გამჭვირვალობის და საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის კუთხით მდგომარეობა ვერ გააუმჯობესა. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო სისტემაში დანერგილია ელექტრონული სისტემები, თბილისის საქალაქო სასამართლო მაინც ვერ უზრუნველყოფს მაღალი საჯარო ინტერესის მქონე ინფორმაციის ხელმისაწვდომობას იმ საფუძვლით, რომ „მათი დამუშავება დიდ დროს და სასამართლოს რესურსს მოითხოვს.“

მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სასამართლო გადაწყვეტილებების ხელმისაწვდომობა. პორტალზე ecd.court.ge 2020 წლის 30 აპრილის შემდეგ არცერთი გადაწყვეტილება არ არის გამოქვეყნებული. ამასთან, პრობლემურია „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში 2023 წლის ივნისში შეტანილი ცვლილება, რომლითაც სასამართლოს მიერ ღია სხდომის შედეგად მიღებული სასამართლო აქტის საჯარო ინფორმაციად მიჩნევა დამოკიდებული ხდება სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლაზე.

კვლევამ ასევე ცხადყო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლო სათანადოდ არ ასრულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს N1/225 გადაწყვეტილებით განსაზღვრულ ვალდებულებას: 2023 წლის სექტემბრის მდგომარეობით, პროაქტიულად გამოსაქვეყნებელი საჯარო ინფორმაციის დიდი ნაწილი სასამართლოს ვებგვერდზე განთავსებული არ არის.

კვლევის პროცესში გამოკითხული ადვოკატების თანახმად, პანდემიის შემდგომ პერიოდში, თბილისის საქალაქო სასამართლოში სხდომები ფიზიკურ სივრცეში ტარდება. ამასთან, თუ მოწმეების დაკითხვა არ ხდება ან სხვა გარემოების გამო არ დგას მხარეთა ფიზიკურად გამოცხადების აუცილებლობა, რესპონდენტების უმრავლესობა ემხრობა პანდემიის შემდგომ პერიოდშიც სხდომების დისტანციურად ჩატარებას. დისტანციურ პროცესს მნიშვნელოვანი უპირატესობა აქვს დროის, ასევე ფინანსური და ადამიანური რესურსის დაზოგვის თვალსაზრისით. საკითხის ამგვარი გადაწყვეტა ასევე უზრუნველყოფს სხდომების გადადების და პროცესის გაჭიანურების თავიდან აცილებას იმ შემთხვევაში, როდესაც მხარე ობიექტური მიზეზით ვერ ახერხებს სასამართლოში ფიზიკურად გამოცხადებას.

მომხმარებელთა კმაყოფილება ხარისხიანი მართლმსაჯულების ძირითადი ასპექტია.  2018 წელს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ დაამტკიცა სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის წესი და სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების შეფასების კითხვარი. სამწუხაროდ, ეს წესი არაფერს ამბობს კვლევის შედეგად გამოვლენილი პრობლემების საპასუხოდ შესაბამისი ზომების მიღებაზე და არ არის უზრუნველყოფილი კვლევის საფუძველზე თითოეულ სასამართლოში გამოვლენილი ტენდენციების შესახებ ინფორმაციის ხელმისაწვდომობა. ამასთან, მიზანშეწონილია სასამართლოს მომხმარებელთა კმაყოფილების კვლევის მიზნით ტექნოლოგიის გამოყენება და მონაცემების ავტომატურად დამუშავება, რაც მნიშვნელოვნად გაამარტივებს პროცესს და შეამსუბუქებს ადმინისტრაციულ ტვირთს სასამართლოს აპარატის თანამშრომლებზე.

საბოლოო ჯამში, მნიშვნელოვანია, სასამართლო სისტემამ ეფექტურად გამოიყენოს ტექნოლოგიები, როგორც გამჭვირვალობისა და მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების გაუმჯობესების ინსტრუმენტი და ხელი შეუწყოს ღია მართლმსაჯულების პრინციპების სრულყოფილ დანერგვას.

იხილეთ კვლევა სრულად.


კვლევა მომზადდა ღია მმართველობის პარტნიორობის მხარდაჭერით, აღმოსავლეთ პარტნიორობის EU4Integrity პროგრამის ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. კვლევის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „სამართლისა და საჯარო პოლიტიკის ცენტრი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ღია მმართველობის პარტნიორობისა და ევროკავშირის შეხედულებებს.

 



[1] Open Government Partnership Global Report, Open Justice, Justice Policy Series, Part 2, გვ. 9, <https://www.opengovpartnership.org/wp-content/uploads/2020/10/Open-Justice_Justice-II_20201214.pdf> [30.09.2023].

[2] CEPEJ Guidelines on electronic court filing (e-filing) and digitalisation of courts, § 2.

[3] OECD Guidelines for Citizen Participation Processes, OECD Public Governance Reviews, OECD Publishing, Paris, 2022, გვ. 32.

No comments:

Post a Comment

Project "Assessment of the Transparency and Accountability of the Security Sector"

Donor Organization: Innovations and Reforms Center, European Union Budget: 14,000 EUR Duration: 3 June 2024 - 3 February 2025 Project aim:...