Tuesday, 13 September 2022

RT France-ის მაუწყებლობის დროებითი აკრძალვა ევროკავშირში არ არღვევს გამოხატვის თავისუფლებას - ევროკავშირის მართლმსაჯულების სასამართლოს 2022 წლის 27 ივლისის გადაწყვეტილება

See the English version here.

ავტორი: ქეთევან კუკავა

2022 წლის 1 მარტს, ევროკავშირის საბჭომ, რომელიც წევრი ქვეყნების მინისტრებით არის დაკომპლექტებული, მიიღო რეგულაცია და გადაწყვეტილება, რომლითაც ევროკავშირში აიკრძალა შემდეგი მედია საშუალებების სამაუწყებლო საქმიანობა: RT/Russia Today (RT England, RT UK, RT Germany, RT France, RT Spanish) და Sputnik.  თავდაპირველად, ეს ზომა მიღებულ იქნა 2022 წლის 31 ივლისამდე, ხოლო შემდგომ 2022 წლის 26 ივლისის გადაწყვეტილებით 2023 წლის 31 იანვრამდე გაგრძელდა.

საბჭოს თანახმად, რუსეთის ფედერაციის მიერ წარმოებული პროპაგანდა, ფაქტების უხეში დამახინჯებითა და გაყალბებით, მხარს უჭერს და ამართლებს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიას, მიემართება ევროკავშირის სამოქალაქო საზოგადოებას და მეზობელ ქვეყნებს და ამ მიზნით იყენებს ცალკეულ მედია საშუალებებს, რომლებიც პირდაპირ ან არაპირდაპირ კონტროლდება რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის მხრიდან. RT France-მა საბჭოს ამ აქტების გაუქმების მიზნით ევროკავშირის სასამართლოში სამართლებრივი დავა წამოიწყო.                                                                                                                        

სასამართლოს დიდმა პალატამ აღნიშნა, რომ ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის (CFSP) მიზნების გათვალისწინებით, საბჭოს ფართო დისკრეცია აქვს შემზღუდავი ზომების მიზნების განსაზღვრის პროცესში. აქედან გამომდინარე, საბჭო არ უნდა გაკრიტიკდეს იმის გამო, რომ ევროპის საზღვრებთან სერიოზული საფრთხისა და საერთაშორისო სამართლის ნორმების დარღვევის საპასუხოდ მიღებულმა ზომებმა ასევე მოიცვა რუსეთის მიერ დაფინანსებული ცალკეული მედია საშუალებების მაუწყებლობის დროებითი აკრძალვა, იმ საფუძვლით, რომ ისინი მხარს უჭერდნენ რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინის წინააღმდეგ.

რაც შეეხება საჩივარს ევროკავშირის ძირითად უფლებათა ქარტიის მე-11 მუხლით გარანტირებული გამოხატვის თავისუფლების დარღვევის თაობაზე, სასამართლომ მიუთითა, რომ საბჭოს შეუძლია მიიღოს ზომები RT France-ის გამოხატვის თავისუფლების შესაზღუდად, თუკი ამგვარი ზომები ცალკეულ პირობებს აკმაყოფილებს. ქარტიის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, "ქარტიით გათვალისწინებული უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვა გათვალისწინებული უნდა იყოს კანონით და პატივს სცემდეს ამ უფლებებისა და თავისუფლებების ძირითად არსს. პროპორციულობის პრინციპის შესაბამისად, შეზღუდვა დასაშვებია, თუ ის აუცილებელია და რეალურად ემსახურება ევროკავშირის მიერ აღიარებულ საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მიზანს ან სხვათა უფლებებისა და თავისუფლებების დაცვას."

პირველ რიგში, სასამართლომ აღნიშნა, რომ ჩარევა განხორციელდა კანონის შესაბამისად, ევროკავშირის ხელშეკრულების 29-ე და ევროკავშირის ფუნქციონირების შესახებ ხელშეკრულების 215-ე მუხლების საფუძველზე. 29-ე მუხლში აღნიშნულია, რომ საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს, რომლებიც ცალკეულ გეოგრაფიულ ან თემატურ საკითხთან მიმართებით ევროკავშირის მიდგომას განსაზღვრავს. 215-ე მუხლის თანახმად კი, თუკი ევროკავშირის ხელშეკრულების V კარის მე-2 თავის შესაბამისად (ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის კონკრეტული დებულებები) მიღებული გადაწყვეტილება შეეხება ერთ ან მეტ მესამე სახელმწიფოსთან ეკონომიკური და ფინანსური ურთიერთობების ნაწილობრივ ან სრულად შეჩერებას ან შეზღუდვას, აუცილებელ ზომებს საბჭო იღებს. საბჭოს ამგვარი ზომების მიღება შეუძლია ფიზიკური ან იურიდიული პირების, ჯგუფების ან არასახელმწიფო დაწესებულებების მიმართ.

სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, საბჭოს ფართო დისკრეციის გათვალისწინებით, პროპაგანდის გავრცელების აკრძალვა საკმარისად განჭვრეტადი იყო, რადგან რუსეთის მიერ დაფინანსებული მედია საშუალება რუსეთის სამხედრო აგრესიის მიმართ ფართო მხარდაჭერას ახორციელებდა იმ პროგრამების მეშვეობით, რომლებიც ტელევიზიითა და ინტერნეტით გადაიცემოდა. შესაბამისად, მოცემულ საქმეში დაკმაყოფილებულია ის პირობა, რომ გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა კანონით უნდა იყოს გათვალისწინებული (§§ 150-152).

გამოხატვის თავისუფლების ძირითადი არსის პატივისცემასთან დაკავშირებით, სასამართლომ აღნიშნა, რომ ამგვარი აკრძალვა იყო დროებითი და ექვემდებარებოდა მუდმივ კონტროლს. გარდა ამისა, ეს ზომა RT France-ს არ უკრძალავდა სხვა აქტივობების განხორციელებას (როგორიც არის კვლევა და ინტერვიუების ჩატარება) და მაუწყებლობას ევროკავშირის ფარგლებს გარეთ (§§ 154; 156-157).

საზოგადოებრივი ინტერესის მქონე მიზანთან დაკავშირებით, სასამართლომ მიუთითა, რომ საბჭო ევროკავშირის საჯარო წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნით მოქმედებდა, რასაც საფრთხეს უქმნიდა რუსეთის მიერ კონტროლირებული მედია საშუალებების მეშვეობით განხორციელებული რუსული სისტემატური პროპაგანდა (§ 161). გარდა ამისა, მიღებული ზომა შეესაბამებოდა ევროკავშირის ხელშეკრულების 21(2)(c) მუხლით გათვალისწინებულ მიზანს - დაცული იყოს მშვიდობა, თავიდან აცილებულ იქნას კონფლიქტები და გაძლიერდეს საერთაშორისო უსაფრთხოება, გაეროს წესდების მიზნებისა და პრინციპების შესაბამისად (§ 163).

სასამართლომ თანახმად, ექსტრაორდინალური კონტექსტის გათვალისწინებით, არსებული გარემოებები საკმარისია იმის დასადგენად, რომ RT France-ის გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა მიზნის პროპორციულია, რადგან ის შესაფერის და აუცილებელ ზომას წარმოადგენს. ამასთან, სხვა ზომებით იგივე შედეგი ვერ მიიღწეოდა, რადგან მხოლოდ ცალკეული ინფორმაციის მაუწყებლობის აკრძალვის იმპლემენტაცია პრაქტიკულად შეუძლებელი, ხოლო ბანერის ან გაფრთხილების მითითება ნაკლებად ეფექტური იქნებოდა (§ 197).

საბოლოოდ, სასამართლომ დაადგინა, რომ საბჭოს ამ გადაწყვეტილებით RT France-ის გამოხატვის თავისუფლება და შესაბამისად, საზოგადოების მიერ ინფორმაციის მიღების უფლება არ დარღვეულა.

 

 

 

No comments:

Post a Comment

Project "Assessment of the Transparency and Accountability of the Security Sector"

Donor Organization: Innovations and Reforms Center, European Union Budget: 14,000 EUR Duration: 3 June 2024 - 3 February 2025 Project aim:...